ცაიში

სოფელი ცაიში

SZS-Zugdidi-ka.svg
ქვეყანა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზღვის დონიდან 50 მ
მოსახლეობა 2244 კაცი (2002)

ცაიში – სოფელი,ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის სანაპირო, ზღვის დონიდან 50 მეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2244 ადამიანი. სოფელში არის რკინიგზის სადგური სენაკი-ზუგდიდის ხაზზე. წარმოადგენს რესპუბლიკური მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს. სოფელში არის ძელქვის კორომი. IX საუკუნიდან წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრას (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია). სოფელში დგას XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, ასევე XVII საუკუნის ეკლესია ”ჯეგეთა”.

რელიეფი

ცაიშის რელიეფი მრავალფეროვანია. აქ გვხვდება მაღლობები, დაბლობები, ზეგანი, ვაკე და მთები. ცაიში შავმიწანიადაგიან რაიონებს ეკუთვნის, რითაც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. არის მეწყერული ადგილებიც. არის ასევე კირქვიანი ნიადაგი.

ფლორა და ფაუნა

ცაიშის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. აქ გვხვდება 400–600 წლის ხემცენარეები. ასეთია ხემცენარე ძელქვა, რომელიც მხოლოდ იაპონიასა და საქართველოშია შემორჩენილი. ასევე ცაიშის ღვთისშობლის ეკლესიის ეზოში გვხვდება უზარმაზარი ცაცხვის ხე, ვარაუდით არის 600 წლის. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში არის მაგნოლია 100 წლის. ხარობს იშვიათი ჯიშის ყურძენი-იზაბელა. (ეს მცენარე ვახუშტი ბატონიშვილს მიჰქონდა აფხაზეთში, მაგრამ როცა შეამჩნია, რომ მცენარე გზაში კვდებოდა, ცაიშში დატოვა. სწორედ ამ მოვლენას შეიძლება მივაკუთნოთ იზაბელას გავრცელება სამეგრელოში). ასევე ხარობს კოლხური ბზა, ლუფა, ტუნგო, ევკალიპტი, დაფნა, ურთხელი. ცაიშის ტყეში ცხოვრობს: მგელი, ტურა, მაჩვი,ნუტრია. ფრინველებიდან – ბეღურა, ყვავი, შაშვი.

ჰავა

ცაიშის მიდამოებში ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი, უთოვლო ზამთრით და თბილი, ნოტიო ზაფხულით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 200C -ია. ყველაზე თბილი თვის (ივლისის) ტემპერატურა 230 C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 1400-3000მმ ფარგლებში მერყეობს.

იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონისიონა მეუნარგია - Iona Meunargia სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო სარტვილის სამრევლო სკოლაშ, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორს პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიდი გულისყურით ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების მდინარებას. იქვე ჰქონდა შეხვედრა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსთან – ვიქტორ ჰიუგოსთან. 1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და როგორც იტყვიან, მთელი არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში, რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოერბრივ საქმიანობაში. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქისთვის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში. იონა მეუნარგია მოესწრო მისი და მისი თაობის სანუკვარი ოცნების აღსრულებას – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას (1918 წლის 26 მაისი). ამით აღფრთოვანებული და ფრთაშესხმული იგი განახლებული ენერგიით ჩადგა ახალგათავისუფლებული სამშობლოს სამსახურში. მაგრამ საქართველოს თავისუფლებაზე უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით საგვარეულო საძვალეში.

ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

ცაიში

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის რაიონში, ზუგდიდიდან სამხრეთ-დასავლეთით ათიოდე კილომეტრის მანძილზე. სოფელი ცაიში გაშენებულია მთაგორიან ადგილზე. მის ერთ ნაწილს უკავია შედარებით გაშლილი დაბლობი, ხოლო მეორე ნაწილი ხევშია. ამ ხევს ქმნის პატარა მდინარე ჯუმი. არქიტექტურული კომპლექსი ხევის ჩრდილოეთითაა, ურთას მთის ერთ-ერთ განიერ ფერდობზე, მდინარე ჯუმიდან ასიოდე მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შემოსაზღვრულია ფართო გალავნით, რომლის ცენტრში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია აღმართული, რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება (მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა). სამხრეთ ნაწილში კი – ორსართულიანი სამრეკლო. გალავნის ჩრდილო კუთხეში მოთავსებულია ნაგებობა, რომელსაც ადგილობრივები „პალატს“ უწოდებენ. კომპლექსიდან სხვა არაფერია შემორჩენილი.
ცაიშის შესახებ ლიტერატურა ცოტაა. მოგზაურები მხოლოდ მცირე შენიშვნებს აკეთებენ. მკლევარ-ისტორიკოსების უმრავლესობა კი ძირითადად დაინტერესებული იყო წარწერით. ლაპიდარული წარწერა მხოლოდ ერთია შემორჩენილი, ისიც გვიანი ხანისაა, ხოლო წარწერები სამონასტრო ნივთებზე რამდენიმეა და გამოცემულიცაა.
როგორც ირკვევა, ცაიშის ტაძარი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს. ისტორიულ საბუთებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობა მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება, მაგრამ არის ისეთი ცნობებიც, რომლებშიც ცაიშის საეპისკოპოსოს არსებობას ადრეფეოდალური ხანიდან ვვარაუდობთ.
ბიზანტიელი მწერლების ცნობებში არის შემონახული ისეთი გეოგრაფიული სახელი, რომელიც დღეს არ არის შემორჩენილი, მაგრამ შესატყვისს უძებნის აკადემიკოსი ს.ყაუხჩიშვილი.
VI – IX საუკუნეების ნოტაციებში მოყვანილია ცნობა კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული ლაზიკის ეპარქიის ფასიდის სამიტროპოლიტოს ოთხი საეპისკოპოსოს: როდოპოლისის (ვარციხის), საისინთა, პეტრას (დღევანდელი ციხისძირი) და ზიგანევის (დღევანდელი გუდავა) შესახებ.
ს.ყაუხჩიშვილი „საისინთა“ (საისის) საეპისკოპოსოს უკავშირებს ცაიშის საეპისკოპოსოს, რაც მართებულად შეიძლება ჩაითვალოს. საქმე ის გახლავთ, რომ „საისი“ (და სხვა სახესხვაობებიც) ცაიშს უფრო ჰგავს. როგორც ამას ვნახავთ, ახლანდელ ცაიშის მრავალჯერ რესტავრირებულ ტაძარში ჩაქსოვილია ადრინდელი ტაძრის ნაშთი, რომელიც, ზოგადად, ადრეფეოდალურ ხანაზე მიგვანიშნებს. ყურადსაღებიღა ის ფაქტიც, რომ ის VII ნოტიცია, სადაც პირველად იხსენიება „საისინთა ეპოსკოპოსი“, შედგენილია ეპიფანე კვიპრელის მიერ VII საუკუნეში. აქედან, ცაიშის საეპისკოპოსო მიეკუთვნება ლაზიკის (ეგრისის) პირველ საეპისკოპოსოებს და იგი, ცხადია VII საუკუნეზე ადრეა დაარსებული.
საცაიშლოს საზღვარზე გვიანი ცნობა მხოლოდ ვახუშტისთანაა დაცული: „არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბაიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამჴრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა – ზღუამდე“. მასვე სხვადასხვა ადგილას მოხსენიებული აქვს სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოების საზღვრები, რის მეოხებითაც შეიძლება უფრო დაზუსტდეს საცაიშლოს საზღვრები. აღმოსავლეთით საცაიშლოს ესაზღვრება საჭყონდიდლო მთა უნაგირამდე, დასავლეთით – ზღვა, სამხრეთით – მდინარე რიონი, ხოლო ჩრდილოეთით წალენჯიხის საეპისკოპოსო უნაგირის მთით.
ცაიშის ტაძარზე ხელმოსაჭიდი ცნობები მხოლოდ XVII საუკუნიდან გვაქვს. XVII საუკუნეში მომხდარ ერთ უბედურ შემთხვევას გადმოქვცემს ცაიშის რამდენიმე ხატის წარწერა და იქვე შორიახლოს მდებარე ერთ-ერთი მცირე ეკლესიის წარწერაც. ამ წარწერებში ნათქვამია, რომ „ძვრამ საშინელმა“ დაანგრია საყდარი. შემდეგ მოთხრობილია მისი აღდგენის ამბები. კიდევ ერთი წარწერა, რომელიც საყდრის მომდევნო ისტორიას შეეხება, მოგვითხრობს მის განახლებას „ქვეყნის მიმორყეულობის“ შემდგომ. „ქვეყნის მიმორყეულობის“ მიუხედავად, ადგილობრივ მფლობელთ (ისევე, როგორც მიწისძვრის შემდეგ) არ მოუსურვებიათ თავიანთ საყდარზე ხელის აღება და ხელახლა აღუდგენიათ „გაოხრებული“ საყდარი, რითაც უნებლიეთ შეწყვეტილი ისტორია კვლავ განახლებულა.
აღნიშნულ წყაროთა გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა წარწერა ხატებზე, განძეულობაზე, აგრეთვე, მინაწერები ხელნაწერებზე, რომლებიც ცოტად თუ ბევრად შუქს ჰფენს ცაიშის საყდრის გვიანდელ ისტორიას.
პირველი საბუთი, ცაიშის საყდრის ერთ-ერთ ხატზე მოთავსებული წარწერაა. დიდი ზომის ხატი ჯვარცმისაა, მოოქროვილი და ვერცხლით მოჭედილი, შეიცავს რამდენიმე წარწერას, რომელთაგან მხოლოდ ქვედა ნაწილის მთელ სიგრძეზე მოთავსებულ რვასტრიქონიან წარწერას მოვიყვანთ მეორე სტრიქონიდან.
„წ. მას ჟამსა, ოდეს საჭედ ვიპყრობდი ცაიშის, ჯუმათის საყდარსა ზედა, ჩვენ ძემან გურიელისა პატრონის გიორგისმან, პატრონმან მალაქია ჴელვყავ ცაიშის ტაძრისა შემკობად და დავახატვინეთ, აღვასრულეთ გუმბათი ვიდრე საფუძვლამდე და ესრეთ შევამკევით, ვითარცა სახლსა ღმრთისასა წმინდათა მისთა და განვისვენე წელ ერთ. ეჰა სახიერებისა და მიუწვდომელობისა ღმრთისასა! შეაძრწოვა ად შეარყია ქვეყანა. ესრეთ იქნა ძვრა დიდი და საკვირველი ქვეყანასა ამას ჩვენსა, რომელი არაოდეს ყოფილა. იძროდა ვითარ წელ ერთ და შეიმუსრნეს ეკლესიანი მრავალნი და დაირღვივნეს დაბანი, ხოლო საყდარიცა ესე ცაიშისა დაეცა, შეიმუსრა თვითგან ვოდრე საფუძვლამდე გალავნით, ყოვლით ნაშენებით მითურთ, და დაილეწნეს ყოველნი ხატნი და იარაღნი ეკლესიისანი და არარა დაშთა რა, ხოლო ოდეს მოხედვა ყო ღმერთმან წყალობათა თვისითა და დაეყენა ძვრა იგი. ამისად შემდგომად წელსა მეორესა ჯერჩინებითა ღმრთისათა და მოწმობითა ყოვლისა საქართველოსა ერისათა მყუევეს კათალიკოზ აფხაზზეთისა. და ჩვენ დიდმან მთავარმან ყოვლისა ჩრდილოეთისა კედართა კათალიკოზ-პატრიარქმან, ცაიშელ-ჯუმათელმან, ძემან გურიელისა პატრონისა გიორგისამან, პატრონმან მანაქია, მეორედ ჴელვყავ აღსაშენებლად ტაძრისა ამისა და მკობად ხატთა. მოვაწედვინეთ ძველი ცხოველი… ქრონიკონსა ტზ“ (307+1312=1619). შემდეგ წარწერას მოსდევს ვედრება.
წარწერის განხილვა მოგვცემს მიწისძვრის თარიღის დადგენის საშუალებას. იგი შეიცავს ცაიშის საყდრის ისტორისს ორ მომენტს, ორ პერიოდს. მალაქია გურიელს ორჯერ გაუწევია შრომა ტაძარზე. პირველად მას იგი შეუმკია, მოუხატვინებია; ეს მაშინ, როცა ის მხოლოდ ცაიშელ-ჯუმათელი ეპისკოპოსი ყოფილა. მეორედ კი მას მიწისძვრისაგან დანგრეული ტაძარი აღუდგენია და შეუმკია კვლავ სათანადოდ. ამ დროს ის უკვე აფხაზეთის კათალიკოსად გვევლინება.
ახლა მორიგი კითხვა – როდის „ხელყო“ მალაქიამ ერთი ან მეორე საქმე? მალაქია გურიელს, როდესაც „საჭე ეპყრა“ ცაიშისა და ჯუმათის საყდარი, ხელი მიუყვია პირველად ტაძრის შემკობისა და მოხატვისათვის და აღუსრულებია (ე.ი. დაუმთავრებია მოხატვა გუმბათიდან საფუძვლამდე), რის შემდეგ დაუსვენია საყდარზე ზრუნვისაგან ერთი წელი. ამის შემდეგ მომხდარა მიწისძვრა და საყდარი დანგრეულა. მეორე, როცა ის უკვე კათალიკოსი გამხდარა, იწყება მისი მეორე „ჴელყოფა“, ტაძრის აღდგენა და შემკობა.
აღნიშნულ პირველ პერიოდში არ მომხდარა ტაძრის არქიტექტურის არავითარი ცვლილება თუ შეკეთება. ხდება მხოლოდ ძეგლის შიდა მოხატვა. აქ არც ისა ჩანს, თუ რამ გამოიწვია ეს მოხატვა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ძველი მხატვრობა, რაღაც მიზეზით ჩამოცვივდა და მალაქიამ თავიდან ბოლომდე განაახლა იგი, მაგრამ ამაზე გაკვრითაც არაფერს გვეუბნება. შეიძლება გვეფიქრა აგრეთვე, რომ ძეგლი სულაც არ ყოფილა მოხატული (რაც ნაკლებად დასაშვებია) და ხელგაშლილმა ეპისკოპოსმა მოინდომა მისი „შემკობა“ სხვა იმდროინდელი ძეგლების მსგავსად.
ზემოთ მოყვანილი წარწერისა და სხვადასხვა წყაროების ანალიზისას ირკვევა რომ პირველად მალაქიას 1612 წელს დაუმთავრებია ტაძრის მოხატვა და შემკობა; 1614 წელს მიწისძვრისგან დანგრეულა საყდარი; 1616 წელს მალაქიას დაუწყია ცაიშის საყდრის აღდგენა და 1619 წელს დაუმთავრებია.
მიწისძვრის შემდეგ აღდგენილი ცაიშის კათედრალის მერმინდელი ისტორიის შესახებ მომდევნო ხანის წყაროებში სისტემატიური ცნობები არ გვხდება და რაც მთავარია, ისინი არ შეიცავენ თვით არქიტექტურული ნაგებობის ისტორიას. XVII საუკუნის 50 – 60-იან წლებში ქვეყნის ასაწიოკებლად შემოსულ მტერს ეკლესია გაუტეხია და აუოხრებია. იმავე ხანებში ცაიშელად ახლად დანიშნული დავით ჯოლია სასოწარკვეთით გვაუწყებს, რომ ეკლესიაში არსებულ შესამოსელთაგან ყველაფერი მოუსპია ხანძარს, მაგრამ თვით ნაგებობის ბედის შესახებ არაფერია ნათქვამი.
გადის საუკუნე და ცაიშის ძეგლის ირგვლივ აღარაფერი ისმის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმ უმნიშვნელო, სხვადასხვა სახის მინაწერს, რომლიდანაც ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ XVII საუკუნის ნახევარში ცაიში არსებობდა, როგორც საეპისკოპოსო კათედრა.
მომდევნო პერიოდზე არაფერი ისმის, თითქოს ყოველივე ჩაკვდაო, ასეც იყო: ცაიში, როგორც საეპისკოპოსო კათედრა აღარ არსებობს, მისი აღდგენა მოხდა 1777 წელს. ამ ხნის განმავლობაში თვით ნაგებობაც დაზიანებულა.
ამ საკითხის გასაშუქებლად მოგვეპოვება რამდენიმე საბუთი. ერთ-ერთ მათგანში კაცია II დადიანი მოგვითხრობს, რომ მას თავისი მმართველობის პირველ წლებში საცაიშლოს კათედრა გაუქმებული დახვედრია, ხოლო ეკლესია აოხრებული; შემდეგ მას საეპისკოპოსო ისევ აღუდგენია, ხოლო ცაიშელად დაუნიშნავს „კაცი სათნო ღთისა და სულიერითა ხედვითი აღსავსე“, გრიგოლ ჩიქოვანი. ამჟამად მოგვეპოვება სამი წარწერა, სადაც საკმაოდ ვრცლადაა გაშუქებული გრიგოლ ჩიქოვანის ამაგი ეკლესიისადმი. ამ წარწერთაგან ორი ამავე ეკლესიის ღვთისმშობლის ხატზეა მოთავსებული, ხოლო მესამე თვით ძეგლის დასავლეთ ფასადზე. ხატების წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია „გარნა ქვეყნისა მიმორყეულობის გამო მისცემია ხელთა ერის კაცთასა“, და ამ ხნის განმავლობაში „რომელ კნინღა დარღვეულ იყო ეკლესია ესე“. მეორეგან: „გარნა ვიხილე ესე ეკლესია ფ-დ დაცემულ დარღვეულ შინაგან კედელი და გარეგანიცა, და ეგეთვე ხატნიცა შენნი უზრუნველობითა და სიძველითა განყვრნილ იყვნენ…“. ეკლესიის მიტროპოლიტ გრიგოლს რადიკალური ზომები მიუღია და მთელი ხარჯების გაწევა თვითონ უკისრია. იგი მოგვითხრობს: „აღვაშენე ესე ეკლესია, რაოდენ დარღვეულ იყო, საფასითა ჩემითა შინაგან და გარეგან და კვალად შემოვავლე ეკლესიასა ამას ირგვლივ გალავანი…“ და მეორეგან „და განვაახლე ყოველნი დაძველებულნი შენობანი“.
როგორც ირკვევა და ზემოთაც აღვნიშნეთ, ცაიშის საეპისკოპოსო დაშლილა. ამის მიზეზია „ქვეყნის მიმორყეულობა“. ადვილად შესაძლებელია ეს „მიმორყევა“, რომლის შედეგადაც ეკლესია სამონასტროდან საეროდ ქცეულა, გამოწვეული ყოფილიყო რომელიმე სოციალური მოძრაობით. მაგრამ აქ გარკვევით არ არის ნათქვამი, რას გულისხმობს კონკრეტულად ეს „მიმორყეულობა“ და როდის ჰქონია მას ადგილი.
ზემომოყვანილ წარწერების გარდა, ჯერჯერობით არ მოგვეპოვება სხვა რომელიმე ცნობა „ქვეყნის მიმორყეულობაზე“ და არც ცაიშის საეპისკოპოსო კათედრის გაუქმებაზე.
კაცია II დადიანის ღვაწლით 1777 წელს ისევ აღდგენილია ცაიშის კათედრა და მასვე და მასვე დაბრუნებია მისი უწინდელი მამული ყოველგვარი სახეობით. თვით ტაძრის აღდგენა, როგორც ვნახეთ, ეპისკოპოსად განწესებულმა გრიგოლმა იკისრა.
გამოსარკვევია, რა მდგომარეობაში დახვდა გრიგოლ ცაიშელს თვით შენობა და რა აღადგინა მან. სამწუხაროდ, ამ საკითხების გარკვევა არსებული წერილობითი საბუთების მიხედვით ძნელია, რადგანაც მეტად ბუნდოვანია ტაძრის აღდგენის მოთხრობის ტექსტის ადგილები. ამ წარწერებიდან მხოლოდ ერთი რამაა ცხადი, სახელდობრ ის რომ ეკლესია იმდენად არ დაზიანებულა, როგორც მაგალითად, მალაქიას დროს მოხდა.
წარწერიდან გარკვევით ვიგებთ, რომ გრიგოლ ცაიშელს ტაძრის ირგვლივ გალავანი მთლიანად აღუდგენია. მაშასადამე, გამოდის, რომ ეს გალავანი ორჯერაა აღდგენილი, ერთხელ მალაქიას მიერ (თუმცა მალაქია იქ გარკვევით წერს გალავნის დარღვევაზე და არას ამბობს მის აღდგენაზე, მაგრამ ეჭვის გარეშეა, რომ მან ის აღადგინა დანარჩენ ნაგებობებთან ერთად) და მეორედ გრიგოლ ცაიშელის ხელით. მასვე განუახლებია მონასტრის სხვადასხვა ნაგებობა, როგორც ის ამბობს: „და განვაახლე ყოველნი დაძველებულნი შენებულებანი“. დღეს ჩვენ არ ვიცით, რომელ შენობაზეა აქ საუბარი, რადგან ამჟამად არაფერი შემორჩენილა, გარდა სამრეკლოსი და პალატისა, არც სხვა რაიმე ცნობები მოგვეპოვება ამ საკითხის გასაშუქებლად.
აქვე უნდა შევეხოთ იმ ორ წარწერას, რომელთა ფრაგმენტები ჩაშენებულია სარკმლის სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში. ერთი მათგანი ასომთავრულია მეორე კი მხედრული.
პირველ წარწერაზე ოთხი სტრიქონია შერჩენილი. ამ წარწერის შინაარსი, სამწუხაროდ, კომპლექსის ისტორიას არაფერს ჰმატებს. იგი, როგორც ეტყობა, სამარხის ქვისაა. სავარაუდებელია, რომ ეს წარწერა ეგვტერში იყო მოთავსებული, მაგრამ ვის ეკუთვნოდა წარწერა და ეგვტერი, ჯერჯერობით უცნობი რჩება. წარწერას თარიღი არ გააჩნია. პალეოგრაფიული ნიშნებით კი იგი XIII-XIV საუკუნეებზე მოგვითითებს.
მეორე წარწერიდან მცირე რამეს ვიგებთ. იგი მოგვითხრობდა რომელიღაც საყდრის მშენებლობაზე და მის მშენებელზე, მაგრამ წარწერის დაზიანების გამო არა გვაქვს საშუალება გავარკვიოთ, კონკრეტულად რომელი ეკლესიის მშენებლობაზეა აქ საუბარი, ან ვინ არის მისი მშენებელი.
წარწერის ბოლო სტრიქონში შეიძლება ამოვიკითხოთ „ბასილი ცაიშელი“. ასეთი ცაიშელი ისტორიაში არ არის. ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ ისტორიულ დოკუმენტებში ცაიშელი პირველად XV საუკუნის შუა წლებში გვხვდება. ეს წარწერა კი უფრო ადრინდელი ჩანს. იგი უფრო XIII-XIV საუკუნეების ნაწარმოებია. ამდენად, შესაძლოა, იგი ეკუთვნის სწორედ ცაიშის მთავარ საყდარს და მიწისძვრის შემდეგ მოხვდა აქ.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სტიქიამ წაუშალა ძეგლს პირვანდელი სახე. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ფასადების განხილვის დროს ირკვევა. შემდეგი დროის აღმდგენელ ოსტატებს არ უცდიათ მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. ამიტომ, როდესაც ტაძრის გარე მასებსა და ფასადებზე გვიხდება საუბარი, იძულებული ვართ შევეხოთ ამ აღდგენასაც.
მიწისძვრისაგან მთლიანად გადარჩენილმა ცოკოლმა იძულებელყო XVII საუკუნის საყდრის აღმდგენელი ოსტატები დაეცვათ ნაკარნახევი – თავდაპირველი აბრისი. ძეგლის სამი ფასადი ძირითადად მხოლოდ ორი ვერტიკალური სიბრტყისაგან შედგება; იგივე არ ითქმის მეოთხე – აღმოსავლეთის ფასადზე, სადაც ფასადის სწორი ზედაპირიდან მკვეთრად გამოყოფილია საკურთხევლის შვიდწახნაგოვანი აფსიდი, რომლის ზედაპირი რთული თაღედითაა დამუშავებული.
ტაძარს თითქმის დაუკარგავს მასათა განლაგებაში ცენტრლურ-გუმბათოვან ძეგლთათვის დამახასიათებელი ჯვრის ფორმაც. ეს ფორმა ინტერიერში ასე თუ ისე მაინც იკითხება, რაც არ ითქმის ექსტერიერზე. გარე მასებში გადაკვეთების შედეგად ჯვრის მკლავები მკრთალადაა გამოვლენილი, ისიც მხოლოდ გვერდის ფასადზე არასრულყოფილი სახით. ამ ფასადზე ჯვრის მკლავები ოდნავაა აწეული, დამოკლებული ფუძით. ჯვრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მკლავები სულაც არ არსებობს. მათი სახურავი გვერდითი ნავების დაბალ ნაწილებთან ერთად სიბრტყეს ქმნის.
დღევანდელი ძეგლის მასათა კომპოზიციის დამაგვირგვინებელი ცილინდრული ფორმის გუმბათი მთლიანად ახალია. მას გუმბათის საფუძვლის კვადრატის კონსტრუქციული შვერილებიც კი არ გააჩნია.
შენობა აღმართულია თავდაპირველ სამსაფეხურიან ცოკოლზე; აქედან ქვედა ორი საფეხური სწორკუთხაა, ხოლო ზედა – ნახევარწრიული ფორმის.
ნაგებობის ყველა მასა კარნიზით მთავრდება. ამჟამად არსებული კარნიზის რამდენიმე სახიდან პირველადი მცირე მანძილზეა შერჩენილი, ზოგან გაბმული ხაზით, ზოგან კი ფრაგმენტებად.
შენობა თავდაპირველად შემოსილი ყოფილა ოდნავ მონაცრისფრო თეთრი ქვით. დღეს, ერთი შეხედვით, მთლიანად ნაცრისფერი გადაჰკრავს, მაგრამ ახლოდან ყველა ფასადის ფერი გარკვევით განსხვავდება ერთმანეთისაგან: აღმოსავლეთის ფასადს მზის ცხუნებისაგან ძალიან სასიამოვნო მოყვითალო ფერი გადაჰკრავს; სამხრეთის ფასადის თავდაპირველი ნაწილი ე.ი. მარჯვენა ნაწილი მონაცრისფროა, მარცხენა ნახევარი კი მორუხო; დასავლეთის ფასადის თეთრ ფონს ხავსმოდებული მომწვანო ფერი დასდებია სარკმლის ირგვლივ, ჩრდილოეთისას საკუთარი ფერი აქვს შერჩენილი.
აღმოსავლეთის ფასადი ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შედარებით ხელუხლებლად, თავდაპირველი ფორმით. იგი მთლიანად შემოსილია კარგად თლილი კვადრებით; წყობაში ძირითადად დაცულია ჰორიზონტალური რიგები, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვები ენაცვლება ერთმანეთს. ამიტომაა, რომ წყობას საკუთარი სახე აქვს და გვიანი დროის აღდგენა ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღდგენაც საკმაოდ კარგად თლილი კვადრებითაა შესრულებული. შემოსვის ასეთი თავისებურება საშუალებას გვაძლევს ადვილად გამოვყოთ ძველი და ახალი წყობა არა მარტო აღმოსავლეთისაზე, არამედ საერთოდ ყველა ფასადზე. კერძოდ ამ ფასადზე ახალი წყობა იწყება იქ, სადაც სამხრეთიდან აღმავალი ორნამენტული კარნიზი წყდება; აქედან ფასადის მთელი სიბრტყე გამოწეული ნაწილის სახურავს ზემოთ, ყოფილი ჯვრის მკლავის ვიწრო კარნიზით და ფასადის ბრტყელი კედლის ერთი მესამედი, ჩრდილო კუთხისაკენ, აღდგენილია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილო-დასავლეთის კუთხე, შეკეთების შედეგად, ათი სანტიმეტრით შიგნითაა შეწეული; თავდაპირველი ნაწილიდან ამ კუთხეში მხოლოდ ცოკოლი და მომდევნო პირველი რიგია შერჩენილი, XVII საუკუნის შეკეთების დროინდელია ფასადის ჩრდილო ნაწილში არსებული მაღალი კარნიზი.
ამ ფასადის დომინირებული ნაწილია საზეიმოდ მორთული მრავალგვერდა, რომლის ზედაპირი, გარდა კუთხეების წახნაგებისა, სადაც მხოლოდ პილასტრებია კაპიტელებით – დამუშავებულია ცენტრიდან გვერდებისაკენ დაღმავალი დეკორატიული თაღედით. ამ თაღოვან არეებს ქმნის რთული შემადგენლობის კაპიტელებითა და ბაზისებით მორთული შეწყვილებული ნახევარკოლონები.
მომჩარჩოებელი შეწყვილებული ლილვებითა და ორნამენტული არშიებით მდიდრულად მორთული სარკმლები განლაგებულია შუა სამ წახნაგზე. ცენტრალური სარკმე ორი დანარჩენისაგან განსხვავებით, მთლიანად შემდგარია სამმაგი ლილვაკის კონის კვარცლბეკზე. სამივე სარკმელს თაღს ზემოთ, ღერძზე თითო კოპი უზის. დანარჩენთაგან განსხვავებით შუა სარკმელი სამი კოპით მთავრდება. ყველა კოპი ჩუქურთმითაა დაფარული.
ამ მრავალგვერდაზე კიდევ ორი შესამჩნევი ელემენტია. ერთია ამ მრავალგვერდას წიბოებზე, თაღებს შორის განლაგებული თითო კოპი, მეორე – როზეტები. ერთი როზეტი მოთავსებულია სამხრეთის თაღოვანი არის ცენტრს ქვემოთ, მეორე – აფსიდით ჩრდილო სარკმლის ქვედა მარჯვენა კუთხესთან.
აფსიდის გვერდით ბრტყელი ნაწილების მორთულობა, მრავალგვერდასთან შედარებით, მარტივია. თითოეულ მხარეს ორ-ორი, თითქმის ვერტიკალურად განლაგებული სარკმელია. ამათგან, ზედა რიგი კონცენტრული ლილვაკებით მოჩარჩოებული წრიული სარკმლებია (მათი რელიეფი კედლის სიბრტყეშია). ეს ორივე ქვედა სარკმელი მორთულია შეწყვილებული ლილვაკებისა და ორნამეტული არშიის კომპოზიციით. ამ სარკმლებსაც აქვთ კოპები: მარცხენას – ორი, თაღის ქუსლის ჰორიზონტზე, ხოლო მარჯვენას – ერთი დიდი, თაღის ზემოთ, ღერძზე.
მარჯვენა სარკმელი ორიგინალურია თავისი ფორმით, რადგან მოჩარჩოებული შეწყვილებული ლილვები ვერტიკალური კი არ არის (ჩვეულებრივ, ისინი ყველა ვერტიკალურია), არამედ ქვემოთკენ უახლოვდება ერთმანეთს.
ამ ფასადის თავდაპირველი დეკოროდან შერჩენილი ელემენტია ბარელიეფი, რომელიც მოთავსებულია ჩრდილოეთის ფრთის ზედა ნაწილში, მრავალგვერდას კარნიზის ჰორიზონტზე.
ამ ფასადის შესამოსავად შეკეთების დროს გამოყენებულია ორნამენტული ქვები, რომელთაგან ორი უშუალოდ რელიეფის ზემოთაა, ხოლო სამი – კეხს ქვემოთ.
სამხრეთის ფასადიც საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ დასავლეთისა და ჩრდილო ფასადებთან შედარებით მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ფასადის მასა საფეხურიან ცოკოლზე აღმართული ერთი მთლიანი სიბრტყეა, რომლის განაპირა ნაწილებს ჰორიზონტალური კარნიზი ამთავრებს, ხოლო შუაზე აწეულ ჯვრის მკლავს – ორქანობიანი გადახურვა. ამ ფასადის თავდაპირველი შენარჩუნებული ნაწილის კონტური შეიძლება შემდეგნაირად შემოვხაზოთ: მარჯვენა მხარის კარნიზი მთლიანად, მის ქვემოთ მდებარე კედელი ორიოდე ზიგზაგით კარის არქიტრავის ქუსლის ჰორიზონტის გაყოლებით სარკმლის ხვრელის დონეზე, თვით სარკმლის ქვის ჩაუთვლელად და მარცხნივ, ამ ჰორიზონტის ცოტა ქვევით კუთხემდე. აქ აღნიშნული კონტურის გარეთ ყველაფერი აღდგენილია, ხოლო მასალად, თითქმის მთლიანად გამოყენებულია ძველი შენობის ნაწილები.
ამ ფასადის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია ერთი შესასვლელი და ორი სარკმელი. ფართო შესასვლელი, რომელიც თითქმის ფასადის ცენტრშია გაჭრილი, გადაკეთებულია. მისი პროფილირებული მოჩარჩოების ვერტიკალი ორივე მახარეს წყდება და ზედ მიმსგავსებული პროფილით დადგმულია ახალი არქიტრავის ქვა (ეს ქვა, შერჩენილი ორნამენტული დამუშავების მიხედვით, სულ სხვა დანიშნულების ყოფილა. იგი ამ შესასვლელზე მორგების მიზნით გადაუკეთებიათ).
ყველაზე მეტადაა სახეცვლილი ფასადის ჯვრის აწეული მკლავი. მისი სიმაღლე თითქმის ორი მესამედითაა შემცირებული. შემცირებულია ფუძეც, ხოლო მისი ორქანობიანი კარნიზი მთლიანად ახალია, რომელიც ორნამენტით დამუშავებულია. ფასადის ამ ჯვრის მკლავის ცენტრში ერთი სარკმელია, რომელიც მოჩარჩოებულია გრეხილოვანი შეწყვილებული ლილვაკითა და ორნამენტული არშიით.
მეორე წრიული ფორმის სარკმელი, მოთავსებულია ფასადის მარცხენა ნაწილში. დაბლა მისი საპირე არშია ერთი ქვისაგანაა გამოკვეთილი და მთლიანად მოჩუქურთმებულია (რადგან ეს სარკმელი ფასადის აღდგენილ ნაწილშია მოთავსებული. გარკვევით ვერ ვიტყვით, თავდაპირველ ადგილზეა იგი თუ არა, მაგრამ სარკმლის შიგა მხარის ხელუხლებად შემონახვა გვაფიქრებინებს, რომ მას ადგილი არ შეუცვლია).
ფასადის დეკორს, მოჩუქურთმებული სარკმლების გარდა, შეადგენს ნგრევის დროს მეტ-ნაკლებად დაზიანებული რამდენიმე ელემენტი: მთავარი სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია თითო მოზრდილი როზეტი, ხოლო ზემოთ დაახლოებით სამკუთხა კომპოზიციით მოთავსებულია სამი მოჩუქურთმებული კოპი (მათ მარცხნივ ჩაყოლებულია წრიული სარკმელი, მაგრამ საერთო მოხაზულების მეტი არაფერი შემორჩენილა, ყველაფერი მოუთლიათ). საერთოდ, ფასადის შემოსილობის აღდგენილ ნაწილში მრავლადაა გამოყენებული დეკორის ფრაგმენტები, რომელთა უმრავლესობაც კედლის სიბრტყისათვის მოსარგებად გაუთლიათ და გასწორებული ჩაუდგამთ. რაც შეეხება ძეგლის მარცხენა ფრთას, მისი ჰორიზონტალური კარნიზიც ძირითადად თავდაპირველი კარნიზის ფრაგმენტებისაგანაა შეკოწიწებული.
ფასადზე შერჩენილია ერთი მეტად საინტერესო დეტალი, რომელიც ცხადად გვაუწყებს აწ აღარ არსებული კარიბჭისა და სტოას არსებობას. ფასადის მთელი სიგრძის ქვედა ნაწილში გადარჩენილია ფრესკის ფრაგმენტები. ფასადის მარჯვენა მხარეს, ზედ კედლის სიბრტყეზე, კარგადაა შემონახული ორი თაღის კვალი (მარცხენა უფრო მაღალია მარჯვენაზე), რომელთა შორის არსებული არეები მთლიანად ფრესკით ყოფილა დაფარული; კარის მომდევნო მარცხენა ნაწილში არავითარი მკვეთრი კონტური არ არის შერჩენილი. მაგრამ ფრესკის ოდესღაც არსებობის კვალის გარკვევა აქაც შესაძლებელია. ფრესკის არსებული კვალის მიხედვით ირკვევა, რომ სტოას ცენტრალურ ნაწილში, გვერდით ნაწილებთან შედარებით, აწეული ყოფილა, ხოლო შიგნით მისი აღმოსავლეთი მონაკვეთი სწორკუთხა იყო.
აღმოსავლეთით შერჩენილია სტოას აღმოსავლეთი კედლის ფუნდამენტის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი. დანარჩენი კი დროთა ვითარებაში გამქრალა. ეს შერჩენილი ნაწილი თუმცა ძირითადი კორპუსის აღმოსავლეთ კედლის ხაზზეა მოთავსებული, მაგრამ მასთან ორგანულად არაა დაკავშირებული, ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის კუთხე და ცოკოლიც ერთი მთლიანია ე.ი. შესაძლოა, სტოა უშუალოდ ეკლესიასთან ერთად არ იყოს აგებული.
დასავლეთ ფასადი რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთის ფასადისაგან. იგი მოკლებულია ყოველგვარ შვერილებს და წარმოადგენს მხოლოდ საფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, ორქანობიანი სახურავის ქვეშ მოქცეულ ერთ მთლიან სიბრტყეს. თუმცა დღევანდელი მისი სახე არ არის თავდაპირველი, მაგრამ შერჩენილი ნაწილი – ცოკოლი და მომდევნო რიგები უეჭველად იმის დამადასტურებელია, რომ მთელი ფასადი ადრეც ერთი ვერტიკალური სიბრტყისაგან შედგებოდა. ამ ფასადს, აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, მიწისძვრის დროს დაუკარგავს ერთი მასა – ჯვრის დასავლეთი მკლავის აწეული ნაწილი, ხოლო XVII საუკუნის აღმდგენელ ოსტატს, ისე როგორც სხვაგან, აქაც უგულებელუყვია შენობის ეს ელემენტი.
როგორც აღვნიშნეთ, ფასადზე ხელუხლებელია: ცოკოლი, კარი მთლიანად და კედლის წყობა კარის მარცხნივ ერთ მეტრამდე, ხოლო მარჯვნივ ორ მეტრამდე. დანარჩენი ნაწილი შემოსვისა (როგორც თვით კედელი) მთლიანად აღდგენის დროისაა.
ფასადის ძირითადი ელემენტებია შესასვლელი და ოთხი სარკმელი. საკმაოდ მაღალ, თაღოვან შესასვლელს განიერი პროფილირებული მოჩარჩოება საზღვრავს, სიღრმეში ჩაწეული ტიმპანის ქვა ამჟამად ფრესკითაა დაფარული. თაღის ზემოთ, სამკუთხედად, ნაპირებჩამომტვრეული კოპებია განლაგებული.
შესასვლელი ზემოთ, ვერტიკალური ღერძის ოდნავ სამხრეთით, მოთავსებულია განიერი ოთხკუთხა სარკმელი. იგი ახლადაა ამოყვანილი და მის მხოლოდ ქვემო ნაწილშია გამოყენებული წინანდელი ორნამენტული სარკმლის ნაწილი. მეორე სარკმელი ჩრდილოეთითაა, შესასვლელსა და კუთხეს შორის. იგი შედგება ორი სხვადასხვა ტიპის სარკმლის ნაწილებისაგან. ქვედა ნაწილი ორმაგ გრეხილში ჩამჯდარი ფართო მოჩუქურთმებული საპირეა; ზედა ნაწილი გრეხილებით ფართო არშიის მქონე წრიული სარკმლის ფრაგმენტია, ტიპით ისეთივე, როგორც სამხრეთ ფასადზე ვნახეთ (აღმდგენელ ოსტატს იგი გადაუკეთებია მაღალი სარკმლის ზედა ნაწილის მოსარგებად). ვფიქრობთ, სარკმლის ქვედა ნაწილი თავდაპირველია და მისთვის განკუთვნილ ადგილზეა დანგრევის შემდეგ ხელახლა ჩასმული.
ფასადის მარჯვენა ნაწილში მდებარე მესამე სარკმელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მარცხენა. იგი წარმოადგენს აღდგენის დროს უბრალოდ თლილი ქვით ამოყვანილ მაღალ სწორკუთხედს. ამ აფსიდის მეოთხე სარკმელი, რომელიც მოთავსებულია ცენტრალურ და სამხრეთის სარკმლებს შორის, ანათებს პატრონიკეში შესასვლელ ტალანს. ეს სარკმელი წრიულია.
ფასადის ღირშესანიშნავი ელემენტია, აწ უკვე გაფუჭებული, ცენტრალური სარკმლის ზემოთ მოთავსებული ბარელიეფი. მისგან მხოლოდ პროფილირებული მოჩარჩოებაა შემორჩენილი, ისიც ნაწილობრივ. თვით რელიეფური გამოსახულება იმდენადაა დაზიანებული, რომ გარკვევით ვერ ვიტყვით, რას შეიცავდა იგი. ბარელიეფის მოჩარჩოების ზედა ნაწილში გვიან ჩაუსვამთ წმ. გიორგის გამოსახულება.
ფასადის კარნიზი მთლიანად და ქვედა მომდევნო რამდენიმე რიგი ქვებისა XVIII საუკუნეს ეკუთვნის, რასაც გვიდასტურებს ძეგლის აღმდგენელ ცაიშელ მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანის წარწერაც. იგი მოთავსებულია კეხის ქვემოთ, კარნიზის სამხრეთ ფართზე.
ჩრდილოეთ ფასადი ამ ძეგლის ყველაზე დაზიანებული ნაწილია. ეს კედელი მთელ სიგრძეზე თითქმის ძირამდე დარღვეული ყოფილა. თავდაპირველი შერჩენილი ნაწილი, ცოკოლი და ზოგან მომდევნო ერთი-ორი რიგია. შესასვლელი თუმცა ძველი ქვით არის ამოყვანილი, მაგრამ უდავოდ სახეცვლილია.
სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების მსგავსად, ეს ფასადიც ერთ მთლიან სიბრტყეს წარმოადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი პროფილირებული კარნიზით მთავრდება. იგი წყდება ჯვრის მკლავის მიღწევამდე (გუმბათის ყელის გარე ხაზების გასწვრივ). თვით ფასადის ჯვრის მკლავი დაბალია და ვიწრო, სამხრეთის ფასადის მსგავსად, ესეც კარნიზით მთავრდება. ოღონდ იგი ჰორიზონტალური კარნიზისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ ჯვრის მკლავის კარნიზი, როგორც ეს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე ვნახეთ, უორნამენტოა – პროფილირებული, რაც XVII საუკუნის რესტავრაციის დროინდელია, ხოლო ამ ფასადის განიერი კარნიზი, როგორც ეს დასავლეთის ფასადის კარნიზის წარწერითაა დამოწმებული, XVIII საუკუნის ოსტატის ხელითაა შექმნილი. როგორც ამ კარნიზების ქვის ჯიში, ისე მათი დამუშავებაც დიდად განსხვავდება შენობის თავდაპირველი ნაწილისაგან. აღდგენის დროს კედლის ვერტიკალურიბა და სიბრტყეობრიობაც კი ვერ დაუცავთ. ჯვრის მკლავის დაქანებული კარნიზის სიმაღლეებიც სხვადასხვა დონეზეა.
ფასადი ელემენტებია შესასვლელი და სარკმელი. შესასვლელი მოთავსებულია თითქმის ფასადის ღერძზე, იგი „დამჯდარი“ ფორმისაა და გადახურულია გრძელი არქიტრავის ქვით. მოჩარჩოება არ გააჩნია. ზემოთ, ჯვრის მკლავის ღერძზე ცოტა აღმოსავლეთით, გაჭრილი სარკმელი კი მთლიანად ახალია, ოღონდ გამოუყენებიათ ძველი, გამოფიტული ნახევაწრიული ფორმის ქვა.
მორთულობა და ორნამენტული დეტალები ამ ფასადს არ გააჩნია, თუ არ მივიღებთ მხედველობაში სარკმლის ზემოთ სამკუთხედად განლაგებულ ძლიერ დაზიანებულ სამ კოპს. გარდა ამისა, წყობაში სარკმლის დასავლეთით ჩატანებულია რამდენიმე ორნამენტული ფრაგმენტი, აგრეთვე ერთი მედალიონიც – კედლის დასავლეთ ნაწილის შუაზე.
გუმბათის ყელი, მთლიანად მიწისძვრის შემდგომი დროისაა. შიგნიდან იგი ჩაჭყლეტილგვერდებიანი ცილინდრია, რომელსაც აგვირგვინებს ნახევარსფერული გუმბათი. თვით გუმბათის ცილინდრული ყელი ზედა და ქვედა მასებისაგან გამოყოფილია ჰორიზონტალური სარტყლით. ეს სარტყლები შექმნილია ქვემოთ სამი და ზემოთ ორი ლილვისაგან. გუმბათის ყელში გაჭრილი რვა სარკმელი არ ექვემდებარება არავითარ კანონზომიერებებს; ისინი განლაგებული არ არის ღერძებზე; არც სიგანესა და სიმაღლეებშია დაცული თანატოლობა; თითქმის ყველა სარკმელი სხვადახვა დონეზე იწყება და მთავრდება, ხოლო სიგანის ერთნაირობის დაცვა იმდენად უგულებელყოფილია, რომ ზოგი სარკმელი მომდევნოში ორჯერ ჩაეტევა. ყველა სარკმელი უკლებრივი ნახევარწრიული თაღებითაა გადახურული.
გუმბათის ყელი შიგნიდან მთლიანად შელესილი ყოფილა.
გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში, თითქმის უშუალოდ სარტყლის ზემოთ, მოჩანს ოთხი საკმაოდ დიდი ქვევრის თავი (ქვევრი – რეზონატორი). ეს ქვევრები იმდენად დიდია, რომ მათი წვეტი ზოგან კედლის გარეთაც ჩანს.
გარდან გუმბათის ყელი წარმოადგენს რაღაც საშუალოს ცილინდრსა და მრავალწახნაგა პრიზმას შორის. ცხადია, ის მრავალწახნაგა უფროა, ვიდრე ცილინდრი, მაგრამ „პრიზმის“ წიბოები ისე დუნედაა გამოყვანილი, რომ მისი შემჩნევა უშუალოდ მხოლოდ სახურავზე ასვლის შედეგადაა შესაძლებელი, ისიც არა ყველგან. ასეთი არაზუსტი, უხასიათო ნამუშევარი მთელ მასას აძლევს ცილინდრის ფორმას.
ეს „ცილინდრი“ ზემოთ მთავრდება სადად პროფილირებული კარნიზით, ხოლო ქვემოთ – შეწყვილებული ლილვით. ცილინდრის ზედაპირზე განლაგებული მაღალი და ვიწრო სარკმლები მოჩარჩოებულია თითქმის ერთნაირი სახის, მეტად დაბალი ხარისხით შესრულებული, პროფილიანი საპირეებით. ქვების ერთი ნაწილი ძალიან დაზიანებულია გამოფიტვის გამო. სარკმლების მოჩარჩოება ზემოთ თაღოვანია, მაგრამ გვერდითი ქვები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამასთან საყურადღებოა სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის სარკმლების დამთავრება. ეს სარკმლები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა ორნამენტოვანი მოჩარჩოებით. ამათგან პირველი და მესამე ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო მეორე – ოთხკუთხა. საინტერესოა ერთი დეტალიც, რომელიც სამხრეთის სარკმელს აქვს: ზემოთ, უშუალოდ ხვრელის ბოლოში, ჩასმულია კერამიკული ფილა, რომელშიც მთლიანად ამოკვეთილია ფაქიზად შესრულებული, წრეში ჩასმული ფოთოლი, ხოლო წრის ზედა არშიას მხედრული წარწერებით აწერია „ანანია“.
სარკმლებს შუა (გარდა ორისა, სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთისა) უსისტემოდ თაღების დონეზე ჩასმულია სხვადასხვა ზომის ორნამენტული კოპი. ერთგან კი, სახელდობრ სამხრეთ-დასავლეთის სარკმლებს შორის, ცხვრის თავის ქანდაკებაა ჩასმული.
გუმბათის ყელი შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილზედაპირიანი ლეგა ფერის ქვით. აქა-იქ ჩატანებულია აგური, ზოგან თითო-თითო, ზოგან კი ჯგუფებად, ხოლო კარნიზის ზემო ნაწილი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. გუმბათის ყელის კედლებზე გამოყენებულია აგრეთვე ორნამენტული ქვების ფრაგმენტებიც. შემოსვაში არ არის დაცული ჰორიზონტალური რიგები. საერთოდ, მთლიანად წყობა მდარე ოსტატობითაა შესრულებული.
ტაძრის ძირითადი შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის ფორმის გეგმაზე აღმართული მასებითა და ცენტრალური გუმბათით. ამ ჯვრის ჩრდილო და სამხრეთის სწორკუთხა მკლავები მოკლეა, ხოლო დასავლეთისა და აღმოსავლეთისა – დაგრძელებულია. ამათგან პირველი სწორი კუთხით მთავრდება, ხოლო მეორე – საკურთხევლის აფსიდით.
გუმბათი აღმოსავლეთით ეყრდნობა პილასტრებით დამუშავებულ საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით ორ მასიურ პილონს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის ცილინდრულ ფორმაზე გადასვლა ხდება აფრული წესით, სადაც ზედ აფრაზე დართულია ერთსაფეხურიანი ტრომპი. ტრომპებს ამ შემთხვევაში არავითარი კონსტრუქციული დანიშნულება არა აქვს.
საკურთხევლის გეგმა მთლიანად უწესოა, რაც ადგილზე თითქმის არ შეიმჩნევა; აფსიდის მომრგვალება აქ ელიფსურია. ასევე არაწესიერ გეგმაზეა აგებული ბემაც; მისი კედლები ვიწროვდება შიგნითკენ არათანაბარი დაქანებით (სამხრეთის კედელი უფრო მეტად უხვევს, ვიდრე ჩრდილოეთისა).
აფსიდისა და ბემის არაწესიერი ფორმა და აფსიდის კედლის სისქის განსხვავება დანარჩენი კედლებისაგან გვიკარნახებს, რომ აქ გადაკეთებასთან გვაქვს საქმე. როგორც ეტყობა, ადრეფეოდალური ხანის ეკლესიის ნაწილი გამოუყენებიათ შემდეგი დროის მშენებლებს.
საკურთხეველი გვერდიგვერდ, საკმაოდ მჭიდროდ განლაგებული სამი სარკმლიდან შემოსული შუქით ნათდება. სარკმლების სიმაღლე განსხვავდება ერთმანეთისაგან; შუა – ყველაზე მაღალია, სამხრეთის – მასზე დაბალი, ხოლო ჩრდილოეთისა – ორივეზე დაბალი. ამ სარკმლების ორივე მხარეს მოთავსებულია თითო ნახევარწრიული ნიში, რომელთა თაღოვანი მოჩარჩოება შედგება ორმაგი ლილვაკისაგან, ამათგან მხოლოდ სამხრეთის ლილვაკებს აქვთ ბაზისი. საკურთხეველს ირგვლივ უვლის და თითქმის გვერდით კარებამდე აღწევს ერთი საფეხური მღვდელმსახურთა ჩამოსასხდომად.
აფსიდისაგან ბემი გამოყოფილია და შექმნილი წობოები მტავრდება პროფილირებული კაპიტელებით. ბემის ორივე კედელში თითო გასასვლელია გაჭრილი, რომლებითაც გვერდითი ოთახები უერთდება საკურთხეველს, როგორც ეტყობა, აქ დაბალი გასასვლელბი ყოფილა და აუმაღლებიათ, რაც კარგად ჩანს დღევანდელი თაღების ზემოთ.
საკურთხევლის კედლები შემდეგში ნალესობითა და ფრესკით დაუფარავთ, მაგრამ ზოგან ნალესობა ჩამოცვენილია და საშუალება გვეძლევა ვიმსჯელოთ მის თავდაპირველ სახეზე. ამ საკურთხევლის თავისუფალი მხარეები ორმხრივ პილასტრებითაა დამუშავებული. პილასტრებს ორ ნაწილად ყოფს ჰორიზონტალური ლილვაკი. ეს გამყოფი ლილვაკები ორივეგან სხვადასხვა ჰორიზონტზეა; მარცხენა მარჯვენაზე უფრო მაღალია. ამ კუთხეების ორივე მთავარ ელემენტს თითო, საკმაოდ განიერი, სწორზედაპირიანი პილასტრი შეადგენს. პილასტრებს შორის მოთავსებული კუთხის ქვედა ნაწილში ორ ლილვსშუა მდებარე არე სწორკუთხადაა დამუშავებული. სარტყლის ზემოთ სურათი იცვლება. აქ ბრტყელი პილასტრები უცვლელად რჩება, ხოლო მათ შუა 45 გრადუსით ჩამოჭრილი სიბრტყეა. ასეთივე თითო ნახევარკოლონით მთავრდება ამ კუთხეების ჩრდილო და სამხრეთ ნაპირები, ხოლო ბემის მხარეს ორი სწორი საფეხურია. მთელი ეს კომპოზიცია კაპიტელით მთავრდება, რომელთაგან მხოლოდ სამხრეთისაა შერჩენილი. მისი პროფილიც ისეთივეა, როგორიც აფსიდის კაპიტელისა. ჩრდილოეთისაზე კი დღეს ბრტყელი ფილაა. იქვე გვერდითი ნავების მასიურ პილონებზე უფრო მარტივი პროფილით ორიარუსიანი გადაწყვეტაა. შეიძლება ეს პილონიც, ნაწილობრივ, მიწისძვრის შემდეგ იყო აღდგენილი, მაგრამ უნდა ასახავდეს თავდაპირველ სახეს, რადგან შეიცავს პირვანდელ ელემენტებს. ასევე სავარაუდებელია ორივე კედლის პილონის სარტყლის ლილვებისა და სამხრეთ კედლის პილონის კაპიტელის თავდაპირველობაც. ეს კაპიტელები ზუსტად იმეორებს აფსიდის კაპიტელის პროფილს. ასეთივე პროფილიანი კაპიტელები გამოყენებულია გუმბათქვეშა ჩრდილო პილონის გრძელი კაპიტელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და პატრონიკეს თაღის იმპოსტებად, ორივე პილონის ზედაპირზე.
როგორც მთელი აფსიდის კონქი, ისე ბემაც კარგად თლილი სწორი კვადრებითაა ამოყვანილი. კედლის მეტი ნაწილი ნალესობითაა დაფარული, მაგრამ სადაც ჩამოცვენილია, ძალიან წესიერი წყობა ჩანს.
საკურთხევლის გვერდით ოთახები, სდიაკვნე და სამკვეთლო გეგმით თითქმის კვადრატულია. ისინი გადახურულია გარე კედლებზე დაყრდნობილი კამარებით. ამ სადგომებს ანათებს აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმელი. სამკვეთლოში სარკმელზე მიდგმულია ერთი ახალი ტრაპეზი, სადიაკვნეში კი ორი: ერთი – სარკმლის წინ ცილინდრულ კოლონაზე ბრტყელი ფილით, ხოლო მეორე – უფრო პატარა ზომისა, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეშია მიდგმული (ეს ტრაპეზის ქვები და ფილები აქ შემთხვევითაა მოხვედრილი. მათ რაღაც სხვა დანიშნულება უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მიწისძვრის შემდეგ აღდგენისას, თავისი პირდაპირი დანიშნულების უქონლობის გამო, აქ გამოუყენებიათ. რაც შეეხება ამჟამად სადიაკვნეში ორი ტრაპეზის არსებობას, ეს იმას მოწმობს, რომ დროდადრო წარმოებდა მცირე მნიშვნელობის სამსახური). სამხრეთის კედლის ქვედა ნაწილში, პატარა თაღოვანი ნიშია. სადიაკვნეს კედლებზე ნალესობის კვალი არსად ემჩნევა. სადიაკვნესა და სამკვეთლოს კედლები იშვიათი ოსტატობით დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი (განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს სადიაკვნეში. სამკვეთლოში კი ნალესობა და ფრესკა საშუალებას არ იძლევა). ამ კედლების წყობა და ქვის დამუშავების წესი განსხვავდება ზემოაღნიშნული მეორე სამშენებლო ფენისაგან; იგი უდავოდ პირველ ფენას ეკუთვნის (სამკვეთლოს ჩრდილო კედლის ქვედა მეორე რიგზე შეკეთების დროს რამდენიმე დაუმუშავებელი ქვა ჩაუტანებიათ). სადიაკვნეს ეკლესიის ძირითად სივრცესთან დასავლეთის კედელში არსებული გასასვლელი აკავშირებს. ამ გასასვლელის ახლანდელი თაღი გარეთა პროფილირებული მოჩარჩოებით უახლესი დროისაა. ჩრდილო სადგომის ძირითადი სივრცისაგან გამყოფი კედელი რამდენჯერმე გადაკეთებულია. შესაძლოა, ფართო თაღი, რომელიც თითქმის მთელი კედლის სიგანეზე გადადის, მიწისძვრის შემდეგ იყოს აღდგენილი. მომდევნო ხანაში ეს თაღი ქუსლის ჰორიზონტის სიმაღლეზე ამოუვსიათ და შუაზე ვიწრო გასასვლელი დაუტანებიათ, მაგრამ ეს გასასვლელი, როგორც ეტყობა, დაბალი იყო არქიტრავული გადახურვით და ამაღლების მიზნით შემდეგში პროფილირებული თაღით გადაუხურავთ.
ძირითადი სივრცის განხილვისას თვალში გვხდება გუმბათქვეშა მასიური პილონები, რომელთა წიბოები 45 გრადუსითაა ჩამოჭრილი. პილონები შემოსილია თლილი ქვით. მათი წყობის ხასიათი თუ მასალა რადიკალურად განსხვავდება ზემოაღნიშნული პირველი და მეორე პერიოდის კედლის წყობისაგან. ეს მესამე სამშენებლო პერიოდის კედლის წყობა უნდა ეკუთვნოდეს XVII საუკუნის აღმდგენელ მალაქია გურიელს. ამ აზრს მრავალი რამ ადასტურებს; ჯერ ერთი ის, რომ ჩრდილოეთ პილონის დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში ჩატანებულია დიდი ზომის მთლიანად ორნამენტული ფილა (კანკელი?), რომლის რელიეფის ზედაპირი ჩამოთლილია შემოსვისათვის; მეორე – პილონებს შუა გადასული ქვედა თაღის კრონშტეინებად გამოყენებულია ისეთი კაპიტელი, რომელიც გაანგარიშებულია თავისუფლად მდგარი სვეტისათვის და მესამე – ორივე პილონს ამთავრებს არაერთგვაროვანი პროფილირებული კაპიტელი; მისი მეტი ნაწილი ნალესობითაა დაფარული, მაგრამ ზოგან პროფილის გარჩევა ხერხდება: სამხრეთ პილონის კაპიტელი შედგება სხვადასხვა ნაწილისაგან; ზოგან მხოლოდ ძველი ფრაგმენტია გამოყენებული, ზოგან კი უბრალოდაა პროფილირებული. ერთგან, სახელდობრ, სამხრეთ პილონის სამხრეთ კაპიტელზე გამოყენებულია გაურკვეველი დანიშნულების პროფილირებული ფრაგმენტი.
ამ პილონზე გადასული თაღით გუმბათქვეშა სივრცეს უერთდება ორსართულიანი დასავლეთის მკლავი; ზედა სართულში პატრონიკეა მოთავსებული, ხოლო ქვედა ნაწილი ცილინდრული კამარითაა გადახურული და სამხრივ ღიადებით უერთდება მომიჯნავე ნაწილებს. ეს თაღები აღმოსავლეთით გუმბათქვეშა პილონებზე არსებულ იმპოსტებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით საკმაოდ მასიური კედლის პილონებს. თვით ღერძზე დასავლეთ კედელში განიერი შესასვლელია გაჭრილი. ამ მკლავის კამარა და ყველა სახის თაღი მოკლებულია ყოველგვარ სიზუსტეს, რაც ისევ მიწისძვრის შემდეგ ცუდად აღდგენას უნდა მოეწეროს.
სულ სხვა მდგომარეობაა ჯვრის გვერდითა მკლავებში. აქ თითო შესასვლელი გაჭრილია არა ცენტრალურ ღერძზე, არამედ უფრო დასავლეთით. ორივე შესასვლელი შიგნიდან თაღოვანი გადახურვითაა, ხოლო გარედან – არქიტრავის მთლიანი ქვით. სამხრეთის შესასვლელი ორივე მხარეს ვიწროვდება შიგნიდან გარეთ, ჩრდილოეთისას კი მარცხენა გვერდი სწორი აქვს, ხოლო მარჯვენა – გაურკვეველია, რადგან მას გვიან ჩაშენებული კედელი ფარავს. შესასვლელთა ზემოთ, თითქმის ღერძზე, თითო სარკმელია გაჭრილი. სამხრეთის სარკმელი ნახევარწრიული გადახურვითაა, ხოლო ჩრდილოეთისა – უფორმოა, ბრტყელი გადახურვით (ესეც მთლიანად აღდგენის დროისაა). თვით ჯვრის მკლავები კამარითაა გადახურული, მაგრამ ორივე „კამარა“ არ არის წესიერი ფორმის; კამარათა ღერძები თითქოს დასავლეთ-აღმოსავლეთისკენაა, მაგრამ ამავე დროს, ორი დანარჩენი გვერდიც უფორმო სიმრუდით უერთდება, ერთი მხრით, კედელს, ხოლო. მეორე მხრით, გუმბათქვეშა თაღს, რითაც რაღაც „გუმბათის“ მსგავსი ფორმა იქმნება. ცხადია ესეც აღდგენის შედეგია. ამ აზრს ადასტურებს მასალაც: სამხრეთის კედელი სარკმლის შუა წელამდე ისეთივე კარგად თლილი სწორი კვადრებითაა ამოყვანილი, როგორც ეს საკურთხეველში ვნახეთ, ჩრდილოეთისაში კი კარის თაღის ქუსლიდანვე იწყება რიგების არჩევა, თუმცა აქაც თლილი კვადრებია, მაგრამ მათი ზომები და წყობის ხასიათი განსხვავდება ქვედასაგან. მათი რიგები ალმაცურად ლაგდება. შიგადაშიგ სხვა ქვებიც ურევია, ხოლო სარკმლის ქვედა ნაწილიდან იწყება ისეთივე პატარა ქვების წყობა, როგორიც სამხრეთისაში იყო და კამარაც მთლიანად ამ ქვებითაა ამოყვანილი. XVII საუკუნეში გადაკეთების დროს არ დაუცავთ თვით ჩრდილოეთ კედლის ზედაპირის ვერტიკალობაც და კედელს აქა-იქ გამობურცვა ეტყობა.
დაცულობის მხრივ დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაშია გვერდის ნავებიც. ისინი შუა სივრცისაგან გამოყოფილია თაღოვანი არეებით, სადაც თაღები ეყრდნობა ცენტრალურ და კედლის პილონებს. კედლის პილონები დამუშავებულია ერთლილვიანი სარტყლებით. ამათგან სამხრეთის სარტყელი მეორესთან შედარებით მაღალია. თაღების იმპოსტები თუმცა ნალესობით და ფრესკითაა დაფარული, მაგრამ ზოგან მაინც თვალსაჩინოდ ჩანს, რომ სამხრეთისას გააჩნია ისეთივე კაპიტელი, როგორც აფსიდის კუთხეებს, ხოლო ჩრდილოეთისა – უბრალოდ, პროფილირებულია. სამხრეთის პილონის ჩრდილოეთის პირზე, სარტყლის ზემოთ, პერანგის წყობაში, ჩატანებულია ფარშევანგის რელიეფური გამოსახულებიანი ქვა. ასევე ჩრდილოეთ პილონის აღმოსავლეთ კედელზე, ლილვის ქვემოთ, მეორე რიგზე, პროფილირებული ქვაა ჩატანებული. ამ ფაქტებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ეს პილონებიც მთლიანად არ არის თავდაპირველი.
თვით გვერდის ნავებიც XVII საუკუნეშია აღდგენილი. მათ დასავლეთის კედელში მოთავსებული თითო სარკმლიდან ჩრდილოეთისა დაბლაა, ხოლო სამხრეთის – გაცილებით მაღლა. ეტყობა, რომ პირველი მათგანი თავდაპირველ ადგილზეა (კედლის წყობა სარკმლის ქუსლამდე ხელუხლებელია), ხოლო მეორე – მერმინდელი აღდგენის ნაყოფია (რაც ფასადზე აშკარად ჩანს). ორივე ნავი გადახურულია ცილინდრული კამარებით, რომელთა ზედაპირიც მოკლებულია ყოველგვარ სიზუსტეს და შეიცავს რაღაც გაუგებარ ელემენტებს: სამხრეთისაზე, დაახლოებით ნავის სიგრძის შუაზე, ორი ელემენტი და აღმოსავლეთით ერთი სხვადასხვა სიგანის თაღია. ისინი საბჯენი თაღის იმიტაციას თუ წარმადგენენ. ჩრდილოეთისაში კამარა თითქოს ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ამ თაღების ქუსლები შედარებით მკაფიოდ მოჩანს, ხოლო შუაში ისინი თანდათანობით იკარგებიან კამარის სიბრტყეში.
ჯვრის დასავლეთის მკლავისაგან ნავების გამყოფი თაღები და მათზე აღმართული კედლები დეფორმირებულია. არც თაღის წრის მოხაზვაში და არც კედლის ზედაპირზე არ არის დაცული სიზუსტე. მთლიანად კედლების მიმართულებაც ალმაცერია და ისინი აღმოსავლეთისაკენ ვიწროვდებიან. ორივე ნავში – სამხრეთისაში სამხრეთ კედელზე, ხოლო ჩრდილოეთისაში ჩრდილო კედელზე – ერთი საყურადღებო დეტალია შერჩენილი; დასავლეთის კუთხეებში შემონახულია 50 სანტიმეტრის სიმაღლის გამბჯენი თაღის თუ ცილინდრული კამარის ქუსლები (თაღი იწყება 1,6 სანტიმეტრის სიმაღლეზე; შერჩენილია სხვადასხვა სიგანის სამხრეთით – 60 სანტიმეტრის, ხოლო ჩრდილოეთით – 75 სანტიმეტრის. როგორც ეტყობა, თაღი იწყებოდა უშუალოდ კედლის ვერტიკალიდან, ყოველგვარი შვერილის გარეშე).
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ შეგვიძლია უფრო კონკრეტულად აღვნიშნოთ, ძეგლის რომელი ნაწილი მიეკუთვნება პირველ და მეორე სამშენებლო პერიოდს.
ყველაზე მეტად დაზიანებულია ჩრდილოეთის კედელი, იგი შესასვლელითურთ ახლადაა ამოყვანილი. ამას ამტკიცებს, უპირველეს ყოვლისა, ამ კარის გეგმის შედარება დანარჩენ ორ კართან. შესასვლელის გვერდები პარალელურია, მაშინ, როდესაც ორი დანარჩენისა ცერადკვეთილია. გარდა ამისა, თვალში გეცემათ შესასვლელის აღმოსავლეთით სამი ქვედა რიგი, რომელიც უდავოდ ძველია, ე.ი. მეორე სამშენებლო პერიოდს ეკუთვნის, ხოლო ზემოთ, სარკმლის ქვედა დონემდე ნახმარია ძველი ქვებიც, მაგრამ წყობა XVII საუკუნისაა და მესამე სამშენებლო პერიოდს მიეკუთვნება. შესასვლელის ზემოთ კედელს აშკარად ეტყობა აღდგენა. რაც შეეხება იქვე მდებარე კედლის პილონს, მასაც საკმაოდ აქვს გადაკეთების ნიშნები. ქვემოდან მეორე რიგში ჩატანებულია პროფილიანი ქვა, ამავე დონიდანვე იწყება წყობის არევა, სარტყელიც არ არის მკვეთრად მოცემული.
შედარებით უკეთ მდგომარეობაშია დასავლეთის კედელი. როგორც აღნიშნული გვქონდა, აქ თავდაპირველია კედელი, ოღონდ შესასვლელის თაღის დონის ჩათვლით და კედლის პილონებიც თაღის ქუსლამდე.
ამათთან შედარებით უკეთ მდგომარეობაშია საკურთხევლის ნაწილი. მეორე სამშენებლო პერიოდიდან ხელუხლებელია აფსიდი მთლიანად, ხოლო ბემა დაზიანებულია (ბემის კედლებს, გვერდის გასასვლელების არეების გარდა, გადაკეთება არ შეხებია). ბემის კამარა მთლიანად აღდგენის დროისაა. კამარაზე კედლისაგან განსხვავებით, წვრილი ყორე ქვაა, გარდა კამარის ჩრდილოეთ ქუსლისა, სადაც 40-50 სმ კარგად თლილი კვადრებია (თუმცა მათი მიმართულებაც ისეთია, რომ წრეხაზს არ ექვემდებარება. სამწუხაროდ, ეს ნაწილი ფრესკით ისეა დაფარული, რომ მეტის გარკვევა არ ხერხდება). ბემის მოსაზღვრე გუმბათქვეშა თაღშიც ნაწილობრივ ნახმარია ახალი ქვები. საკურთხევლის ჩრდილო კუთხის პილონის კაპიტელიც მხოლოდ ბრტყელი ფილაა, განსხვავებით მოპირდაპირე სამხრეთი კუთხისგან, სადაც ხელუხლებელია როგორც კაპიტელი, ისე მთელი კუთხე.
ინტერეს მოკლებული არ იქნება იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ აფსიდის კონქის თაღი შედარებით ზუსტია, ხოლო ზედა, მეორე საფეხური ქუსლებით იჭრება ორივე მხარეს, შიგ კედელში. მათ ქვემოთ 5-7 სანტიმეტრით თაღის ქუსლის ნარჩენია გამოშვერილი, რომელსაც არსებულთან შედარებით, მოკლე რადიუსი ჰქონია. ამ გადაკეთებათა გამო ბემის კამარის სიბრტყე შეუფერებელ მონაკვეთს ქმნის აფსიდის კონქთან, რადგან დაუცველია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მალაქია გურიელმა ორჯერ მოახატვინა ეკლესია. პირველი პერიოდის მხატვრობა დაიღუპა მიწისძვრის დროს, ხოლო მეორე პერიოდის (1616-1619) მხატვრობის დიდმა ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე.
ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი ფრესკული მხატვრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის კონქზე შესრულებული ღმრთისმშობლისა და მიქელ-გაბრიელის გამოსახულებები. ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. მარიამის თვალები, სახის ნაკვთები და მდიდრული მოსასხამი ხაზს უსვამს მომხატველი ოსტატის ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობას. ყრმა იესოს სახეში იკვეთება შეწითლებული ლოყები და მოყავისფრო ინტენსიური ჩრდილები. ღმრთისმშობლის გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს დასავლეთის მკლავის ცილინდრული კამარის მოხატულობა. აქ ცენტრალური ადგილი უკავია სფეროში ჩახატულ ღვთისმშობელს. მარიამის სახე სიმკაცრითა და ძალმოსილებით გამოირჩევა. მისი მუქი, მოყავისფრო-მოწითალო სამოსის მკვეთრი ნაკეცები ხაზს უსვამს მხატვრის რეალისტურ სტილს. ღმრთისმშობელს ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. საგულისხმოა ყრმა იესოს გამოსახულებაც; მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთის¬მშობლის ფონზეა დახატული, მაინც კარგად იკვეთება მისი ფიგურა, რის ხელშემწყობ პირობადაც მძაფრი კონტურები, თეთრი სამოსი და ოქროს შარავანდი გვევლინება. შესრულების საუკეთესო რეალისტური სტილით გამოირჩევა აღმოსავლეთ კარიბჭის თაღზე მოთავსებული ჩვენთვის უცნობი სცენა (სამი მამაკაცი მთაში). აქ ყურადღებას იქცევს ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა გამოსახვის მანერა. სცენის კოლორიტი რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული. ახალგაზრდა სახეები შუქჩრდილებით არის გაცხოველებული, მთლიანად სცენა მშვიდია და სათუთხაზოვან რიტმშია შესრულებული. ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს. დედოფლის დასავლეთით მოთავსებული მამაკაცის ფიგურა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მას აღმოსავლური ტიპის საკმაოდ მაღალი მოყავისფრო ქუდი ახურავს, რომელიც გეომეტრიული უჯრედებითაა გაფორმებული. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები, შავი წარბ-ულვაში და სწორი ცხვირი პორტრეტს ლირიულ იერს სძენს. უცნობია გამოსახულ ქტიტორთა ვინაობა. წარწერები სავსებით წაშლილია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ შეიძლება დაგვეხმაროს ტაძრის მოხატვის პერიოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის კათედრის მოხატვა 1616 წელს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აქ იმდროინდელი სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი დაეხატათ. ლევანი და ნესტან-დარეჯანი მსგავსი ჩაცმულობით წარმოგვიდგება კორცხელის რელიეფურ ხატზე. აქ ყურადღებას იქცევს ნესტანის ისეთივე ჩამოშლილი ნაწნავები, როგორც ფრესკაზე და ლევანის აღმოსავლური ტიპის ქუდი. პატრონიკეში შემორჩენილი მხატვრობიდან გამოვყოფთ წმინდა გიორგის წამების ორ სცენას: პირველზე ასახულია გიორგის მახვილით წამების სცენა. მხატვარს ფერთა საშუალებით გადმოცემული აქვს მოქმედ პირთა ხასიათი. მწვანე პერანგითა და წითელი მოსასხამით შემოსილი ხელაპყრობილი გიორგი დგას ჭაბუკებს შორის, რომლებიც მას მახვილს სცემენ. წმინდანის ნათელ სახეს შარავანდი აცისკროვნებს, მოძალადეთა სახეები კი მუქი ფერებითაა შესრულებული, მათი სამოსელი მოყავისფროა. ფერთა ასეთი განაწილება კარგად ასახავს როგორც მოქმედ პირთა ხასიათს, ასევე მთელი სცენის იდეურ შინაარსს. წმინდა გიორგის ფრესკული გამოსახულების საპირისპიროდ პატრონიკეს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზედა დიდი ზომის ფრესკა. მოხატულობას დინამიკურ იერს ანიჭებს ლურჯ და მუქ ოქროსფერთა მონაცვლეობა. იესოს სახის რბილი მოდელირება შემსრულებლის ოსტატობაზე მეტყველებს. მაცხოვრის სახის გამომეტყველება მშვიდი და შთაგონებულია.
რადგან ფრესკა ან მისი კვალი ყველგანაა შერჩენილი, ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმ აზრს, რომ მალაქიას შემდეგ საყდრის შიდა კედლებს არავითარი ცვლილება არ განუცდია; მხოლოდ გარე ნაწილები შეკეთდა გრიგოლ ჩიქოვანის მიერ 1777 წელს.
როგორც აღვნიშნეთ, პატრონიკე მოთავსებულია დასავლეთის მკლავის ზედა სართულში. იგი ცილინდრული კამარით გადახურული, აღმოსავლეთისაკენ ღია თაღის მქონე სადგომია. იატაკი ხისაა, ქვის თაღის დონიდან 20 სანტიმეტრით აწეული. ხისავე დაბალი მოაჯირია შემოვლებული მთელ სიგრძეზე აღმოსავლეთით. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში საკმაოდ დიდი ზომის სარკმელია. კარი ერთი აქვს, სამხრეთის კედელში ბრტყელი გადახურვით, რომელიც უშუალოდ ეყრდნობა წვრილ ტალანს, უხვევს დასავლეთით, ებჯინება კედელს და გადის დაბალი კარით სამხრეთ ნავში. აქ ამჟამად არსად ჩანს კიბის კვალი, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთ ჯერ კიდევ ახსოვთ ამ კარებზე მოშენებული ხის კიბე. თვით ვიწრო ტალანი ნათდება დასავლეთის კედელში დატანებული წრიული სარკმლით. ტალანის აღმოსავლეთის ბოლო ზემოთ ღიაა, სახურავზე ასასვლელად.
მთელი პატრონიკე XVII საუკუნის აღდგენის დროისაა აგებული. აღმდგენელი ოსტატის უმწეობის გამო, ყველა კედელი დაბრეცილია. სადგომის სიგანე გაცილებით ნაკლებია გუმბათქვეშა თაღის სიგანეზე, რის გამოც თვით ეკლესიის შუა სივრციდან მოჩანს თაღის ქუსლებთან ამ კედლების ქვედა ნაწილი. სათავსის გადამხურავი ცილინდრული კამარაც ოვალური ფორმისაა, ტალღობრივი ზედაპირით. ტალანი და მის ბოლოებში მდებარე ორივე შესასვლელი შეულესავია და მოჩანს წყობაში ჩაყოლებული მეორე სამშენებლო პერიოდის მრავალი ორნამენტული ქვა. ასევე უფორმოა და ფრაგმენტული დასავლეთის დიდი სარკმელიც.
როგორც აღვნიშნეთ, საიდუმლო ოთახები მოთავსებული ყოფილა საკურთხევლის გვერდითი სადგომების ზემოთ, მეორე სართულზე. ჩრდილოეთის ოთახი მიწისძვრის დროს დანგრეულა და არც უცდიათ მისი აღდგენა, ხოლო სამხრეთისა ხელუხლებლად შემონახულა, მაგრამ ძეგლის აღდგენის შემდეგ ისიც გამოსულა ხმარებიდან. ეს სადგომი ისეთივეა, როგორიც მისი ქვედა სართული. იგი განათებულია აღმოსავლეთის ფასადზე დღესაც არსებული მრგვალი სარკმლით. კედლები ამოყვანილია ფლეთილი, დაუმუშავებელი ქვით, რომელიც შეიძლება არასოდეს არ შელესილა. ამ სადგომის შემოსვის მასალა და წყობის ხასიათი განსხვავდება მეორე და მესამე სამშენებლო პერიოდის კედლებისაგან. იგი უეჭველად, სადიაკვნესა და სამკვეთლოს მსგავსად, პირველ ფენას მიეკუთვნება.
სამხრეთ სადგომს შესასვლელი დასავლეთის კედელში ჰქონია დატანებული, მაგრამ დღეს იგი ამოვსებულია და საყდრის შიგნიდან მისი გარჩევა ძნელდება. ეს შესასვლელი დარბაზის იატაკის დონეზე საკმაოდ მაღალია და ასვლა, ალბათ ხის მისადგმელი კიბით ხდებოდა.
საფიქრებელია, რომ ასევე უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთის ოთახიც, დღეს იქ უსწორო კედლებია. თავის პირვანდელ ადგილზე მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ნაწილია ისეთივე წრიული სარკმლით, როგორც მეორეში ვნახეთ.
ამ სადგომებს ერთი საყურადღებო დეტალი აქვთ: მათ ერთმანეთთან აერთებს ვიწრო გვირაბი, რომელიც იწყება ორივე სადგომის საკურთხევლისაგან გამყოფი კედლებიდან და მიჰყვება აფსიდის მომრგვალებას. გვირაბის დონე ცენტრში უფრო მაღალია, ვიდრე საწყის წერტილებში. გვირაბი გადახურულია საკმაოდ ფართო და ბრტყელი ორი კრამიტის ერთმანეთზე მიბჯენით მიღებული ისრული კამარით. ამ ხვრელში გასვლა მხოლოდ მუცელზე ხოხვით ხერხდება. ეს გვირაბიც, უეჭველად, როგორც სათავსები, პირველ ფენას მიეკუთვნება.
ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.